რუსული ბრაზილიური - TopicsExpress



          

რუსული ბრაზილიური სისტემა ----------------------------------------------------- საბჭოთა ბავშვობიდან წამოსულებს ალბათ კარგად ემახსოვრებათ რუსული იუმორისტული საბავშვო გადაცემა ერალაში. ნამდვილად არ იყო უნიჭოდ გაკეთებული. პირიქით. მშვენიერი საბავშვო სატირა გახლდათ საბჭოთა სტანდარტებისათვის. დღეს, როდესაც ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე პელეს ხელმეორედ დაბადება და მერე საპრეზიდენტო დებატები ვიხილე, ერალაში გამახსენდა რატომღაც; უფრო სწორად, კონკრეტულად ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით: ბრაზილიური სისტემა... ... ალბათ რამდენიმე მიზეზის გამო ... ჯერ ერთი, შემოულაწუნე მეკარე და გაქნილი მწვრთნელი-პენალტისტი საოცრად ჩამოჰგავს ჩვენს პოლიტიკურ ტანდემს ფიზიკურად; მეორე, პრემიერი და პლასტელინის კაციც სოლოლაკის შუშის ვიტრინის წინ აპირებენ პოლიტიკური პენალტების სერიის ჩატარებას, ერალაშის ბედოვლათი გმირებივით; და მესამეც, - პელეს მეძახიანო - იმ კაცმა და..., პელე ხომაა ბრაზილიელი ... ... ჩემი ეფექტი აბსოლუტურად შეიძლება მოხმარდეს ამ მხრივაც მთავრობას. ერთ ერთი ჩემი ჰობი ეგაა, მიყვარს მშენებლობის ყურება თვითონ და დაიწყება პროცესი მესამე წლიდან და აი ეს ენთუზიაზმი, რაც გაჩნდება იმედი რომ ხვალ უკეთესი იქნება და პროცესები წავა თვითონ პროცესიც საინტერესო იქნება, 20 წელი იქნება სახალისო, ძალიან სახალისო პროცესები გველოდება წინ - განაცხადა ბატონმა პრემიერმა. 20 წელიწადი... როდესაც ჩემს ნაცნობ შედარებით ინტელექტუალურ ან wannabe ინტელექტუალურ ქოცებთან თუ აზნაურობის მაძიებელ, wannabe ქოცებთან სინანულს გამოვთქვამ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და სახელმწიფოს კოლაფსის საშიშროებაზე მორიდებულად წავიწუწუნებ, მაშინვე ცხვირში მჩრიან რკინისებურ არგუმენტს : - 9 წელი ბატონო, 9 წელი! რა გგონიათ აბა, სამუდამოდ ხომ არ დარჩებოდნენ ეს ნაცები მთავრობაში? წავიდეს უნდა ეს მიშა, წავიდეს!!! ყველაფერი კარგად იქნება, აპააა...!!! - ამ არგუმენტის მერე საუბარი როგორც წესი, აღარ გრძელდება. არადა, როგორ გულით გინდა კაცს, რომ განმარტო: - ერთი პოლიტიკური გუნდის წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ მათი დანატოვარი, აშენებული სისტემა უნდა დაინგრეს და გაუბედურდეს; განვითარებული დასავლეთისაკენ აღებული კურსი 180 გრადუსით არ უნდა მოტრიალდეს; ოკუპანტ ქვეყანას სიყვარული და პატივისცემა არ უნდა უმტკიცო და რაც ყველაზე მთავარია, ისე არ უნდა გააბდლდე, რომ იმ პოლიტიკური გუნდისადმი ანტიპათიის გამო იმბეცილები მოიყვანო სახელმწიფოს სათავეში -. კი, გინდა განმარტო, მაგრამ როცა გეტყვიან, რომ: - ნუ დარდობ, პლასტელინის კაცისგანაც მშვენიერი პრეზიდენტი გამოიძერწებაო - , მერე უკვე ერთი მოსწრებული ამერიკული ფრაზა გამიელვებს ხოლმე თავში: Do not offend my intelligence- ო ანუ: - ნუ შეურაცხყოფ ჩემს გონებას -. სხეულის გაუპატიურებას კიდე მოითმენს კაცი, მაგრამ როცა გონების გაუპატიურებაზე მიდგება საქმე, უჭირს უკვე ქვეცნობიერს, პირველყოფილი აგრესიით იმუხტება და ... ... - სააკაშვილი იყო დიქტატორი, კადაფი, მუბარაქი და ა.შ. - ამაყად მოგახლის დაპროგრამებული ქოცი. მეღიმება. სულ ახლო წარსული მახსენდება და იმავე, მაშინაც ღირსებაშელახული საზოგადოების ხმამაღალი სკანდირება ქუჩებში: - ჩაუშესკუ! ჩაუშესკუ! ... -. სამაგიეროდ, მერე ჯაბა გვყავდა, თენგიზები, ნაირნაირი ლანჩავა-ლენჩავები და ვიჯექით ბნელში, სხეულ- და გონება- მიიმასქნებულები ... ... - მოისვენე ბიჭო, თორემ მოგასვენებ! - საპრეზიდენტო დებატებზე ხმამაღლა აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი და მერე ვისი კანდიდატი; ნაციონალური ჭირისაგან ერის მხსნელი მესიის იდეალური კანდიდატი... გაგვიკვირდეს??? რატომ? განა ზუსტად ასეთი ტონითა და შემართებით არ მოძღვრავს მთელ ქვეყანას ჩვენი პელე? კეთილს ინებებთ და პირველივე ტურში აირჩევთ ჩემს კანდიდატს, თორემ, თორემ!!! ... ... საოცარი რამ ყოფილა ქოცური ქვეცნობიერი. უდრტვინველად იტანს გონების გაუპატიურებას. არავითარი პირველყოფილი, ბუნებრივი, ადამიანური აგრესია, პროტესტი ... ... არ იმუშავა ბრაზილიურმა სისტემამ ერალაშის დაბდურა გმირებისთვის. ვერ დაიჭირა ბოთე მეკარემ დარტყმული პენალტი და ზრიალით ჩამოიღო ვიტრინა. გასაქცევად შეექნათ საქმე. მოსწრებულად დაამშვიდა გაქექილმა მწვრთნელმა შემოულაწუნე: - ფეხბურთელი არ გამოვიდა შენგან, მარა ბრაზილიური სისტემით ახლა გრძელი დისტანციის სპრინტერად გამოგწვრთვნიო - ... ... პელე რისი პელეა და რაის ბრაზილიელი, რომ ეგ შეეშალოს. იცის, როგორ მთავრდება რუსული ბრაზილიური სისტემით თამაში, ვიტრინის ჩალეწვით და და იმ ვიტრინიდან გამოვარდნილი გაბრაზებული ხალხის გამოდევნებით ... ჰოდა, აქედანვე აიღო უკვე თადარიგი გრძელ დისტანციაზე გასაქცევად ...
Posted on: Fri, 18 Oct 2013 05:33:11 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015